ფაბულა. ლალალალალა ლალალა!
ლალალალალა ლალალა!
ლალალალალა-ა-ა-ა
ლა,
ლა,
ლა, -
გძე-ჟე ტი მაია სულიკო?!
თვით ლექსის ავტორი, რა თქმა უნდა, ჯერ რიტმულ მონახაზს გაჩარხავდა და დაბალი შაირის სადაგ სხეულზე რომანტიკულ ან უფრო იკონოგრაფიულ ნაკვთებს ამოაქარაგმებდა. მალე ეს ირაციონალური ლტოლვა მოკისკასე გოგოების კაბის შრიალში, თუ ბაფთიანი გიტარის მსუბუქ ტერციებში ჩაიკარგებოდა. თუმცა ღიღინის ლაღ ზვირთებსაც მალე ბლანტი, ნახევრად ტკბილი სანტიმენტები გადაფარავს. შესრულების ეს მანერა, მოგუდული კრინით, რაღაცნაირი, პერვერტული აღტყინებით სუნთქავს.
ეს არ არის ზესკნელში აჭრილი მეჩანგურეს სევდა ზუბოვკიდან მომავალი ხალიანი ქალის ან ნაადრევად წასული სატრფოს გამო. არც „ლეზგინკის“ მოცეკვავე ყმაწვილი ქალების კაბის არშიებში შემალული სასოწარკვეთაა. უფრო იმ იმპერატორის წუხილს ჰგავს, უზმოზე მირთმეული ნიმფების გამო რომ გულის მომსუყება იგრძნო.
ამბავი ამბად საკმაოდ გაუგებარია. ვიცით მხოლოდ, რომ ქალი მკვდარია (იქნებ, სულაც, არაქათგაცლილს სიყვარულის სარეცელზე ამოხდა სული) და კაცი, გულამოსკვნილი, იმ ძველ დროს დასტირის. მჯიღებს იცემს ფოლადის მკერდზე.
სტატიის ავტორი ქეთო ნინიძე, 2018-10-06