სხვათა შორის, ჩვენი ლაბრადორის მეტისი, რომელიც აღმა-დაღმა დაეხეტებოდა პავლოვისა და ტაშკენტის კვეთაზე და ძაღლებისა და ჩვენი საერთო მეგობრების დახმარებით, არც მეტი, არც ნაკლები - ჩვენთან, მარტვილში ამოყო თავი, ბედნიერი ფეხის გამოდგა. მეორე დღესვე გვეწვივნენ ოჯახური ღვინის მოყვარულები და ჩემი 2015 წლის მოსავლის სამი ყუთი, ანუ 18 ბოთლი ღვინო დაუფიქრებლად იყიდეს, 2 ყუთიც წინასწარ დაიბევეს. ზედმეტ კეკლუცობად ნუ ჩამომართმევთ და 5 ყუთი ჩემი პირველი წლის ღვინოების ლამის მეოთხედია, ამიტომ სამახსოვრო ფოტოს რომ ვიღებდით, იმ წუთას გამიელვა, შევცდით, ძაღლისთვის ბროლია უნდა დაგვერქმია-მეთქი.

მას შემდეგ ტომის დიდი მადლიერი ვარ. ამას წინათ რომელიღაც ვებწყაროზე საინტერესო კვლევას წავაწყდი - მადლიერების გრძნობა ტვინში ისეთ ჰორმონებს ააქტიურებს, რომელიც ათასი წელი და იმის იქით, დეპრესიას არ შეგყრითო. არ მინდა, ძალიან სასაცილოდ გამომივიდეს, მაგრამ ეპოქაში, რომელშიც სულიკოს რომანტიკული ძიება პოკემონისამ შეცვალა, მე ქათმებისაც მადლიერი ვარ (კი გამომივიდა იოსებ ნონეშვილის ლექსწყობით) - ყოველ საღამოს ვითვლი აქოთქოთებული დედლების მონაგარს და დილით ბავშვებს მზისფერ ყიყლიყოებს ვუბრაწავ. სპეციალისტობიდან დეპარტამენტის უფროსობამდე კარიერულ ზრდაზე მეტად  ნერგზე ამოყრილი მორჩის ზრდა, კვირტის გამოღება და ნაყოფის მომწიფება მახარებს. თითოეულ მოქმედებას სახელიც როგორი ხატოვანი და მეტაფორული აქვს, დიდი ემპათია და პატივისცემა რომ იგრძნობა - გაფურჩვნა, ცის გახსნა, ნამხრევის შეცლა, გადაწვენა, ვაზის ცრემლის გადმოდენა. წაგიკითხავთ ეთნოგრაფიული ჩანაწერები, კახელი გლეხი რომ ამბობს, ეს ვენახი „იგეთ მტევნებს გამოიღებდა, გეგონებოდა, ბალღებიაო“? ეგ ამბავია.

წაიკითხე მეტი...

სტატიის ავტორი ქეთო ნინიძე, 2017-03-23