ზამთარი მიიწურა და საქმეები დახვავდა. დარები ისე წაეწყო, ჩვენს ეზოში იანვრის ბოლოს ალიბუხარმა იფეთქა. ეს ამბავი, ჩემი თბილისელი მეგობრებისგან განსხვავებით, მე უფრო მაშფოთებს, ვიდრე მახარებს. ათას რამეზე ვფიქრობ, რაზეც აქამდე არასდროს მიფიქრია - ფაროსანას გამრავლებიდან - საგვიანო ყინვებამდე.
სანამ ვენახში საგაზაფხულო ოპერაციებს დავიწყებთ, ვცდილობთ, ტურისტული სეზონისთვის სამზადისი, რამდენადაც შესაძლებელია, ბოლომდე მივიყვანოთ. ვასრულებ დიდი კვლევა-ძიების შედეგად შექმნილ მენიუს, შევიმუშავებ ადამიანური რესურსის სწორად გამოყენების გეგმას. ხის ფანჩატურის ასაშენებლად ყოველდღიურად მოდიან ხელოსნები. კონსტრუქციის აგება დასრულდა. დარჩა მხოლოდ კრამიტით გადახურვა.
საერთოდ, ჭარბი ეთნოგრაფიულობა და სიძველის დეტალებით გადატვირთული პასტიში ჩემი სტილი მაინცდამაინც, არ არის. ეს ფანჩატური კი ზომიერია, ზუსტად ერგება ოდის კარმიდამოს. აქაურობის მთავარი ხიბლი და გულწრფელი გზავნილი სტუმრების მიმართ უფრო ბუნებისადმი მეგობრული დამოკიდებულება, მასთან ურთიერთობის დავიწყებული ენის ძიებაა, ვიდრე - ძველი მეგრული, ეგზოტიკადქცეული, უფუნქციო რეკვიზიტები.
სტატიის ავტორი ქეთო ნინიძე, 2018-02-14