აპრილის ბოლოს ღვინის ტურიზმის სეზონი ჩვენს ოდაში ფრანგმა სტუმრებმა გახსნეს. არაჩვეულებრივი მეღვინეები, ცოლ-ქმარი - პოლ და კრისტელ ესტევები გვეწვივნენ რონას რეგიონიდან ოჯახითა და მეგობრებითურთ. ვფიქრობ, პოლს საქართველო უკეთ უნდა იცნობდეს. მის ღვინოებს MADLOBA ჰქვია, რომლებსაც ისა და მისი მეუღლე მიწაში დაფლულ ტინახებში, ქვევრის მსგავს ჭურჭელში ამზადებენ. საქართველოში რამდენიმე დღით ვართ, ნემსებზე ვზივართო, ცოლ-ქმარმა, რადგან წლევანდელი აპრილი ყინვებს გვიქადისო. და მართლაც, რამდენიმე დღეში დაიწყო და არასდროს დასრულდა ჯოჯოხეთი... სოციალური ქსელი აენთო ჩვენი ფრანგი მეგობრების აგიზგიზებული ვენახების ფოტოებით. სამწუხაროდ, ცეცხლის კერები უძლური აღმოჩნდა ძლიერი ყინვის წინააღმდეგ. თითქმის, ყველამ იზარალა მოსავალი, ზოგმა - მთლად ვენახები.
აპრილის ყინვა ჩვენთვისაც არ არის უცხო. გაფრთხილება ჩემი ქმრის ვენახში შარშან მივიღეთ, როცა ბიჭებს პირველი არასრული მოსავალი უნდა მოეწიათ. ბევრი კითხვისა და გაკითხვის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ნაყოფის გაყინვა გარკვეულ ეტაპზე სულაც არ არის ცუდი, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მოსავალზე არ ხარ დამოკიდებული. მეტიც, ზოგი საგანგებოდ მიმართავს ამ ხერხს, რათა საკვები ნივთიერებები მთლიანად მცენარის გაძლიერებისკენ მიმართოს. ზაზა და მისი მეგორები წელს უკვე ტონანახევრამდე მოსავალს ელოდნენ, ამიტომ აპრილის მიწურულს დღეში რამდენჯერმე ვამოწმებდით ამინდის პროგნოზს.
სტატიის ავტორი ქეთო ნინიძე, 2017-06-16