×
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • მისია
  • პრესა
  • მენიუ 2024
  • პარტნიორები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
  • oda

    მისია

    მრავალი წლის მანძილზე საქართველოში სათანადოდ არ აფასებდნენ სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის მნიშვნელობას და, ბუნებრივია, არც რეგიონში ღვინის ტურიზმის განვითარება განიხილებოდა პრიორიტეტად. 

    საოჯახო მარანმა - ოდამ კი, ვინო მარტვილთან ერთად, დიდი ხნის პაუზის შემდეგ სამეგრელოში გააცოცხლა ტერუარებზე ორიენტირებული მეღვინეობა, ღვინის მაღალი კულტურის ქვეყნებს გააცნო სამეგრელო, როგორც მეღვინეობის რეგიონი და შექმნა სამეგრელოს ღვინის ტურიზმის პირველი წარმატებული მაგალითი.


    საოჯახო მარანი

    ოდას ღია მარანში ღვინოს მუდამ აყენებდნენ. მისი ბოთლში ჩამოსხმა და გაყიდვა კი ქეთომ 2016 წელს დაიწყო. პირველ წელს ღვინო ადგილობრივ ბაზარზე, რამდენიმე ბარში იყიდებოდა, 2017-ში კი აშშ-ში გავიდა ექსპორტზე. 2019-ში ის უკვე მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, შვიდ ქვეყანაში იყიდება - აშშ-ში, იაპონიაში, გერმანიაში, ავსტრალიაში, შვედეთში, დანიასა და ისრაელში. ღვინოები წარმოდგენილია ნატურალური ღვინის ბუტიკურ ბარებში, მაღაზიებსა და რესტორნებში.

    ოდა ქმნის იშვიათი მეგრული, ლეჩხუმური და რაჭული ჯიშების ღვინოებს. ის და მისი პარტნიორი მევენახეები ეთიკური, ორგანული მიწათმოქმედების პრინციპებს იზიარებენ, რაც გამორიცხავს ვაზის მოვლას სისტემური პესტიციდებითა და ქიმიური სასუქებით. მეღვინეობის მთავარი ფილოსოფიაც ესაა - „მინიმალური ჩარევა". ღვინოები არ იფილტრება და არ შეიცავს დანამატებს, გარდა, რიგ შემთხვევებში, გოგირდის იმ მინიმალური მოცულობისა, რაც დაშვებულია ბუნებრივ მეღვინეობაში. 

    2016-2018 წლებში ოდამ საკუთარ მცირე, საკოლექციო ვენახში, ოჯალეშის გარდა, ვაზის ძველი მეგრული და აფხაზური ენდემური ჯიშების - ჭვიტილურის, კოლოშის, დუდღუშის, ლაკვაჟის, აშუგაჟის გაშენება დაიწყო. 2021 წელს კი ოჯახი პირველად დაწურავს შეზღუდული რაოდენობით ღვინოს ამ ვენახიდან.


    საოჯახო რესტორანი

    მივიწყებული მეგრული კერძების აღდგენაზე მუშაობს საოჯახო რესტორანი - „ოდა“, რომელიც ოჯახმა საკუთარ ეზოში 2017 წელს გახსნა. რესტორნის გუნდი იკვლევს უცნობ რეგიონულ კერძებს და საკუთარ სამზარეულოში აცოცხლებს მათ. ასე აღადგინეს ძველი მეგრული ტრადიციული და საავტორო რეცეპტები - ჩემქვა, ხოზო, ჩაჩამუტა ჭკიდი, გამოსალოცი კვერები, გულის კვერები, ძჷრძჷ, წიწაქა, კოხა, კაჭაბე, ჯუმენეს წვანერი, სამსართულიანი ხაჭაპური და სხვ., რომლებიც სხვადასხვა ისტორიული პერიოდის სამეგრელოსა და აფხაზეთის ყოფას, გემოსა და სოფლის მეურნეობას წარმოაჩენს.

    რესტორნის კონცეფცია ეფუძნება რამდენიმე მთავარ ღირებულებას - სამზარეულოს სეზონურობას, ჯანსაღად მოყვანილ, ახალ პროდუქტს, ავთენტურ რეგიონულ გემოსა და მცირე სასოფლო მეურნეობების გაძლიერებას. ოდას გუნდი აერთიანებს მეგრული სამზარეულოს საუკეთესო მცოდნე, გამოცდილ, ენთუზიაზმით სავსე მზარეულებს, რომელთა ძალისხმევით რესტორანმა სახელი გაითქვა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. 

    ყოველწლიურად საშუალოდ 40 ქვეყნიდან 2000 ტურისტი სტუმრობს ოდას. სტუმრებს შორის არიან ღვინისა და გასტრონომიის მწერლები, კრიტიკოსები, სომელიეები, ღვინის მაგისტრები, ბლოგერები, ჟურნალისტები და ის ადამიანები, რომლებსაც ესმით ღვინო და ჩვენი ღირებულებები.