ჩვენ შესახებ

ფოტო: ვასო გაბუნია


ოდა - სახლი

პართენ გაგუასა და ოლღა გეგიას მიერ 1933 წელს აშენებული სახლი მარტვილის ერთერთი უძველესი ოდაა. შვილთაშვილი - ზაზა გაგუა დიდი ბებიისა და ბაბუის ოდაში 2016 წელს თბილისიდან გადასახლდა მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად. 

მაშინ სამეგრელოში ყველა თხილის ბაღებს აშენებდა და ვენახების ჩაყრის იდეას ხალხი მეტად სკეპტიკურად უყურებდა. ზაზამ და ქეთომ სწორედ ამ დროს საკარმიდამო ნაკვეთზე არსებული თხილის ბაღები ვენახით ჩაანაცვლეს, ღია და დახურულ მარნებში ახალი ქვევრები ჩაყარეს და ამ ქვევრებში რამდენიმე საოჯახო მეურნეობის მიერ ორგანული მეთოდებით მოყვანილი ოჯალეშის ჩაწურვა დაიწყეს. მცირე, ოჯახურ მეღვინეობას ზაზას მეუღლე - ქეთო ჩაუდგა სათავეში.

„ოდას“ ღვინოებმა მალევე მოიპოვა პოპულარობა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში და მეგრული ოჯალეში გააცნო ღვინის დიდი კულტურის ქვეყნებს. მარანი ყოველწლიურად მცირე მასშტაბით ზრდის წარმოებას და დღეს 5000 ბოთლი ღვინით მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 7 ქვეყანაშია (აშშ, გერმანია, შვედეთი, დანია, ისრაელი, იაპონია, ავსტრალია) წარმოდგენილი.

„ოდამ“ სამეგრელოში პირველმა წამოიწყო ღვინის ტურიზმიც და ბიძგი მისცა ახალი მცირე მარნების განვითარებას რეგიონში. დღესდღეობით, მარანი სამეგრელოს ენო- და გასტროტურიზმის მთავარი დანიშნულების ადგილია. 

ოჯახი მდგრად და ორგანულ მიწათმოქმედებას მისდევს. დიდ ყურადღებას უთმობს რესურსების დაზოგვას, ნიადაგის სწორ მოვლას, ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას. 2016-2018 წლებში ჯიღაურას მეურნეობის დახმარებით, „ოდას“ საკარმიდამო ნაკვეთზე მცირე, საკოლექციო ვენახში ძველი მეგრული და აფხაზური ვაზის ენდემური ჯიშები - ჭვიტილური, კოლოში, დუდღუში, ლაკვაჟი, აშუგაჟი - გაშენდა. 

 


 

ქეთო ნინიძე

ქეთო ლიტერატორი და ღვინის მწერალია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 10 წლის მანძილზე, ის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მკვლევარი იყო და ილიას უნივერსიტეტში სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდა. 

2015 წელს ქეთო ღვინის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გახდა და ღვინოზე წერა დაიწყო. მალევე გადაწყვიტა, საკუთარი ექსპერიმენტული პროექტი წამოეწყო - ვაზის ადგილობრივი ჯიში, ოჯალეში შეზღუდული რაოდენობით, არატრადიციული მეთოდით დაეყენებინა. „შიშველი ოჯალეშის“ პოპულარობამ ქეთო წაახალისა და გადაწყვიტა, სერიოზულად მოეკიდა ამ საქმისთვის ხელი. მან ისწავლა საქართველოს ღვინის სკოლაში, გაიარა პრაქტიკა გერმანიაში რაინჰესენის ერთ ერთ ბიომეღვინეობაში და სტაჟირება - ბავარიის მევენახეობის კვლევით ცენტრში. 

დღეს ის, ვენახისა და მარნის საქმის გარდა, კვლავ აგრძელებს ღვინის მწერლობასა და ლიტერატურულ კრიტიკას. არის ავტორი და თანაავტორი წიგნებისა ლიტერატურაზე („მილიტარისტული ნარატივის მორფოლოგია“, „ლიბერალიზმის პერიოდის ქართული მწერლობა“, „ქართული რომანტიზმი“) და ღვინოზე („ნელი დუღილი ქალები ქართული ღვინის ბიზნესში“). 

2018 წელს ქეთო ნინიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ წლის ფერმერ ქალად დაასახელა.

 


 

ზაზა გაგუა 

ზაზამ და მისმა მეგობრებმა 2012 წელს დააარსეს მცირე მარანი „ვინო მარტვილი“ (ახლ. „მარტვილის მარანი“), რომელმაც მარტვილში, სოფელ თარგამეულში გააცოცხლა ტეხურის ხეობის მივიწყებული ტერუარები და ახალი სიცოცხლე შესძინა სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის გამოცდილებას.

განათლებით გეოგრაფია. ის მარტვილის კანიონსა და სამეგრელოს დაცულ ტერიტორიებს იცავს. საკუთარი საქმის სიყვარულით ფეხით აქვს მოვლილი არამარტო სამეგრელო, არამედ საქართველოს, თითქმის, ყველა კუთხე-კუნჭული. ბუნებრივია, ყოველთვის განსაკუთრებით იყო დაინტერესებული საკუთარი რეგიონის ბუნებით - სამეგრელოს ჩანჩქერებით, კანიონებით, მღვიმეებით, კოლხური ტყითა და აქაური ბიომრავალფეროვნებით. 2010 წელს ამ საკითხებს მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო ნაშრომი მიუძღვნა, რასაც მოჰყვა ილიაუნის პროფესორებისა და მაგისტრანტების სამეცნიერო ექსპედიცია მარტვილის ბუნებრივი და ტურისტული რესურსების შესასწავლად. მკვლევარების გუნდი ზაზას საგვარეულო ოდაში იყო დაბანაკებული. აქედან იწყება მარტვილის კანიონის პოპულარობაცა და ჩვენი ოჯახის ახალი ისტორიაც.